ობსესიურ-კომპლუსური პიროვნების აშლილობა
ობსესიურ-კომპულსური აშლილობის (ოკა) დამახასიათებელი სიმპტომებია ობსესიები ანუ აკვიატებული აზრები და კომპულსიები ანუ იძულებითი ქცევები ან მენტალური აქტები (A კრიტერიუმი).
ობსესიები განმეორებადი და მდგრადი აზრები (მაგალითად, დაბინძურების შესახებ), ხატები (მაგალითად, ძალადობის სცენა) ან სწრაფვებია (მაგალითად, ვინმეს დანით დაჭრისკენ), რომელთა თავიდან მოშორებას ან წინააღმდეგობის გაწევასაც ცდილობს ინდივიდი. მნიშვნელოვანია, რომ ობსესიები არ ანიჭებს სიამოვნებას და არ განიცდება, როგორც ნებელობითი აქტი. ისინი იჭრებიან ინდივიდის ცნობიერებაში, არასასურველნი არიან და მნიშვნელოვან დისტრესს ან შფოთვას იწვევენ ინდივიდთა უმრავლესობაში. ინდივიდები ობსესიების იგნორირებას, დათრგუნვას ან სხვა აზრით ან ქმედებით (მაგალითად, კომპულსიით) ნეიტრალიზაციას ცდილობენ კომპულსიები ანუ რიტუალები განმეორებადი ქცევები (მაგალითად, ბანვა, შემოწმება) ან მენტალური აქტებია (მაგალითად, თვლა, ჩუმად სიტყვების გამეორება), რომელთა განხორციელების საჭიროებასაც გრძნობს ინდივიდი ობსესიების საპასუხოდ ან იმ წესების მიხედვით, რომლებსაც ხისტად უნდა დაემორჩილოს.ოკა-ის მქონე ინდივიდთა უმრავლესობას ობსესიებიც აქვს და კომპულსიებიც. კომპულსიები, როგორც წესი, ობსესიების საპასუხოდ ხორციელდება, მაგალითად, დაბინძურების შესახებ აზრებს ბანაობის რიტუალებამდე მივყავართ. კომპულსიების მიზანი ობსესიების მიერ წარმოქმნილი დისტრესის შემცირება ან შიშის მომგვრელი მოვლენის (მაგალითად, ავად გახდომის) აღკვეთაა. თუმცა, ეს კომპულსიები ან რეალისტურად არ უკავშირდება შემაშინებელ მოვლენა (მაგალითად, ნივთების სიმეტრიულად დალაგება საყვარელი ადამიანისთვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით) ან აშკარად ზედმეტია (მაგალითად, ყოველ დღე სამ საათიანი შხაპის მიღება). კომპულსიები არ სრულდება სიამოვნების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ინდივიდი შფოთვისგან ან დისტრესისგან გარკვეულ შვებას გრძნობს.
B კრიტერიუმში აღნიშნულია, რომ ობსესიები და კომპულსიები ბევრ დროს უნდა იკავებენ (მაგალითად, დღეში ერთ საათზე მეტს), ან კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან გაუარესებას უნდა იწვევდენ, რათა ოკა-ის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები დააკმაყოფილონ. ობსესიების სიხშირე და სიმძიმე მნიშვნელოვნად ვარირებს ინდივიდებს შორის, მაგალითად, ზოგს მსუბუქი და ზომიერი სიმპომები აქვს, 1-3 საათს უთმობს ობსესიებს ან კომპულისური ქცევების შესრულებას, სხვებს კი თითქმის უწყვეტი ინტრუზიული აზრები ან კომპულსიები აქვთ და, ფაქტობრივად, შრომისუუნარონი არიან.
დიაგნოსტიკური კრიტერიუმები:
ობსესიების, კომპულსიების ან ორივეს ერთად არსებობა. ობსესიებს ან კომპულსიებს ბევრი დრო მიაქვთ (მაგალითად, დღეში ერთ საათზე მეტი) ან კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან სოციალურ, სამსახურეობრივ ან ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროში გაუარესებას იწვევენ. ობსესიურ-კომპულსური სიმპტომები არ მიეწერება ნივთიერების (მაგალითად, ნარკოტიკების, მედიკამენტების) ეფექტს ან სხვა სამედიცინო მდგომარეობას. პრობლემები უკეთ ვერ აიხსნება სხვა ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებით (მაგალითად, მოჭარბებული წუხილით, როგორც გენერალიზებულ შფოთვით აშლილობაში; გარეგნობაზე ფოკუსირებით, როგორც სხეულის დისმორფულ აშლილობაში; დანაშაულის განცდით, როგორც დიდი დეპრესიული აშლილობის დროს და ა. შ.) სპეციფიკატორები
ოკა-ის მქონე ბევრ ინდივიდს დისფუნქციური რწმენები აქვს. მათ შორის შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის გადაჭარბებული გრძნობა და საფრთხის გადაფასების ტენდენცია, პერფექციონიზმი და გაურკვევლობის მოუთმენლობა, აზრების ზემნიშვნელოვნება (მაგალითად, რწმენა, რომ აკრძალული აზრების ქონა იმდენადვე ცუდია, რამდენადაც მათში ასახული მოქმედების რეალურად შესრულება) და აზრების გაკონტროლების საჭიროება.
ოკა-ის მქონე ინდივიდები განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმით, თუ რამდენად აცნობიერებენ მათი ობსესიურ-კომპულსური სიმპტომების საფუძვლად მდებარე რწმენების მართებულობას. ბევრ მათგანს კარგად ან მართებულად ესმის (მაგალითად, ინდივიდს სჯერა, რომ სახლს ცეცხლი ნამდვილად არ წაეკიდება ან, ალბათ, არ წაეკიდება, თუ ღუმელს 30-ჯერ არ გადაამოწმება), ზოგს — ცუდად ესმის (მაგალითა, ინდივიდს სჯერა, რომ სახლს, სავარაუდოდ, წაეკიდება ცეცხლი, თუ ღუმელს 30-ჯერ არ გადაამოწმებს), ზოგს (4%-ს ან ნაკლებს) კი საერთოც არ ესმის ან ბოდვითი რწმენები აქვს (მაგალითად, ინდივიდი დარწმუნებულია, რომ სახლს ცეცხლი წაეკიდება და ბოლომდე დაიწვება თუ ღუმელს 30-ჯერ არ გადაამოწმებს). თავად ინდივიდშიც შეიძლება იცვლებოდეს რწმენის რეალურობის აღქმა დაავადების მსვლელობისას.
ოკა-ის მქონე ინდივიდთა თითქმის მესამედს მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს ტიპური აშლილობა. ეს ყველაზე ხშირად ახასიათებთ მამაკაცებს, რომლებსაც ოკა ბავშვობაში დაეწყოთ. ისინი განსხვავდებიან ტიპური აშლილობის არმქონე ინდივიდებისგან ოკა-ის სიმპტომების თემატიკის, კომორბიდის, მიმდინარეობისა და ოჯახური გადაცემის პატერნებით.
ობსესიების და კომპულსიების ტიპები
ობსესიებისა და კომპულსიების შინაარსი მნიშვნელოვნად ცვალებადობს ინდივიდიდან ინდივიდზე, თუმცა, სტატისტიკური ანალიზის შედეგად გამოყოფენ ობსესიების ოთხ ძირითად ჯგუფს (იხ. ცხრილი). ეს შეიძლება იყოს სიმეტრია (სიმეტრიის ობსესია და გამეორების, მოწესრიგებისა და თვლის კომპულსია), დასუფთავება (დაბინძურების ობსესიები და დასუფთავების კომპულსიები), აკრძალული ან ტაბუირებული აზრები (აგრესიული, სექსულური ან რელიგიური ობსესიაბი და მათთან დაკავშირებული კომპულსიები), დაზინება (შიში იმისა, რომ სხვას ან საკუთარ თავს ზიანს მიაყენებს და გადამოწმების კომპულსიები). ზოგ ინდივიდს უჭირს უსარგებლო ნივთების გადაყრა და ამიტომ აგროვებენ (ახვავებენ) ყველაფერს. ეს თემები თავს იჩენს სხვადასხვაგვარ კულტურებში, შედარებით კონსისტენტურია დროში და სხვადასხვა ნეიტრალურ სუბსტრატთან შეიძლება ასოცირდებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდებს სიმპტომები ერთზე მეტ განზომილებაში აღენიშნებათ.
ცხრილი: ობსესიებისა და მათთან ასოცირებული კომპულსიების ტიპები
სიმპტომის ტიპი
ობსესია
კომპულსია
სიმეტრია/სიზუსტე/„ზუსტად ისე, როგორც საჭიროა“
მოთხოვნილება, რომ საგნები სიმეტრიულად იყოს განლაგებული; იმდენად ძლიერი სწრაფვა, რომ კიდევ და კიდევ ალაგებს,ვიდრე „ზუსტად ისე არ იქნება, როგორც საჭიროა.“
საგნების გარკვეული თანმიმდევრობით ან წყობით დალაგება, რიტუალების გამეორება
აკრძალული აზრები ან ქმედებები (აგრესიული/სექსუალური/რელიგიური)
შიშები და მისწრაფება, რომ ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვებს; ღმერთის შეურაცხყოფის შიში
გადამოწმება, თავის არიდება, გადამოწმებისა და დაწრმუნების განმეორებადი მოთხოვნა
დასუფთავება/ დაბინძურება
მიკრობები, მიკრობების ან დამაბინძურებელი სუბსტანციების შიში
განმეორებითი ან ზედმეტი დაბანა, ხელთათმანების და/ან ნიღბების გამოყენება ყოველდღიური საქმიანობისას
დაგროვება
რაიმეს, ნებისმიერი ნივთის გადაგდების შიში
თითქმის ან საერთოდ უსარგებლო, არაფერში გამოსადეგი ან ემოციური დატვირთვის არმქონე ნივთების, მაგალითად, გამოყენებული პარკების, შეგროვება/შენახვა
ოკა-ის მქონე ინდივიდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმით, თუ რამდენად ემოციურად რეაგირებენ ობსესიების და კომპულსიების აღმძვრელ სიტუაციებში მოხვედრისას. მაგალითად, ბევრი მათგანი მნიშვნელოვნად შფოთავს და რეკურენტული პანიკური შეტევებიც ემართება. სხვები ზიზღზე საუბრობენ. კომპულსიების შესრულებისას ზოგი დისტრესს და არაკომპეტენტურობას განიცდის, ზოგი კი გრძნობს, რომ „ზუსტად ისეა, როგორც საჭიროა.“ ამ აშლილობის მქონე ადამიანებისთვის ჩვეულია ობსესიებისა და კომპულსიების აღმძვრელი ადმიანებისთვის, ადგილებისთვის და საგნებისთვის თავის არიდება. მაგალითად, დაბინძურების ობსესიის მქონე ადამიანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს (რესტორნებს, ტუალეტებს) შეიძლება ერიდებოდეს.
განვითარება და მიმდინარეობა
ოკა-ის დაწყების საშუალო ასაკი 19.5 წელია და შემთხვევათა მეოთხედი 14 წლისთვის იწყება. იშვიათია აშლილობის დაწყება 35 წლის შემდეგ, თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება. მამაკაცებში უფრო ადრე იწყება, ვიდრე ქალებში. მამაკაცების თითქმის მეოთხედს 10 წლამდე ასაკში ეწყება. სიმპტომები, როგორც წესი, თანდათანობით ვლინდება, თუმცა მწვავე დასაწყისიც არის დაფიქსირებული.
მკურნალობის გარეშე, როგორც წესი, ქრონიკულია, ხშირად მძაფრდება და ფერმკრთალდება სიმტომები. ზოგს ეპიზოდური მიმდინარეობა აქვს, უმცირესობაში უარესდება ვითარება. მკურნალობის გარეშე რემისია ნაკლებად არის მოსალოდნელი. ბავშვობაში ან მოზარდობაში დაწყება მთელი ცხოვრების განმავლობაში ოკა-ის ქონის წინა პირობაა, თუმცა ამ ადამიანთა 40%_ს ადრეულ მოზრდილობაში რემისია შეიძლება დაუდგეს. ოკა-ის მიმდინარეობას ხშირად ართულებს პარალელურად სხვა აშლილობების გამოჩენა.
ბავშვებში კომპულსიების დიაგნოსტირება უფრო ადვილია, ვიდრე ობსესიების, რადგან კომპულსიები შესამჩნევია, თუმცა ბავშვების (და მოზრდილების) უმრავლესობას ორივე აქვს. მოზრდილებში სიმტომების პატერნი დროში სტაბილურია და მეტად ცვალებადობს ბავშვებში.
რისკ და პროგნოსტული ფაქტორები
ტემპერამენტი. სიმტომების მეტი ინტერნალიზაცია, მეტი უარყოფითი ემოციები და ქცევითი შეკავება ბავშვობაში შესაძლო ტემპერამენტული რისკ-ფაქტორებია.
გარემო. ფიზიკური და სექსუალური ძალადობა ბავშვობაში და სხვა სტრესული ან ტრავმული მოცლენები ოკა-ის განვითარების მომატებულ რისკთან ასოცირდება.
გენეტიკა და ფიზოლოგია. ოკა-ის სიხშირე მისი მქონე ინდივიდის პირველი რიგის ნათესავებში დაახლოებით ორჯერ მეტია ამ აშლილობის არმქონეთა ნათესავებთან შედარებით, თუმცა, თუ აშლილობა ბავშვობაში ან მოზარდობაში იწყება, მაშინ ამ ნათესავებისთვის რისკი 10-ჯერ მატულობს. ოჯახში გადაცემა, ნაწილობრივ, გენეტიკურია. ასევე, მნიშვნელოვნად არის ჩართული თავის ტვინის ქერქის გარკვეული უბნების დისფუნქციები.
მიზეზები
ფსიქოლოგიური აშლილობებისადმი ინტეგრაციული მიდგომის მიხედვით, ოკა-ის განმეორებად, ინტრუზიულ და მიუღებელ აზრებს თავის ტვინის ერთ-ერთი ჰიპოთეტური წრედი შეიძლება არეგულირებდეს; თუმცა კომპულსური აზრების გამო შფოთვას იგივე ზოგადი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური წინაპირობები შეიძლება ჰქონდეს, რაც ზოგადად შფოთვას (Barlow et. Al., 2013).
რატომ შფოთავენ ოკა-ის მქონე ადამიანები პერიოდულად აღმოცენებულ ინტრუზიულ აზრებზე? ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, მათ, შესაძლოა, წარსულში დაესწავლათ, რომ ზოგიერთი აზრი სახიფათო და მიუღებელია იმიტომ, რომ თუ საშინელ რამეზე იფიქრებს, ეს შეიძლება მოხდეს კიდეც. ეს ადრეული გამოცდილება ოკა-ისადმი სპეფიციკური ფსიქოლოგიურ მოწყვლადობას ედება საფუძვლად. აზრისა და კონკრეტული ქმედების ასეთ გათანაბრებას აზრისა და ქმედების შერევას უწოდებენ, რაც, თავის მხრივ, მოჭარბებული პასუხისმგებლობითა და შედეგად განვითარებული დანაშაულის განცდით შეიძლება იყოს განპირობებული. მაგალითად, ადამიანი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ აბორტზე ფიქრი მორალური თვალსაზრისით ისეთივე დანაშაულია, როგორც აბორტის რეალურად გაკეთება.
თუმცა, განზოგადებული ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოწყვლადობა სახეზე უნდა იყოს, რათა ოკა განვითარდეს. რწმენამ, რომ ზოგიერთი აზრი მიუღებელია და, მაშასადამე, უნდა განიდევნოს (სპეციფიკური ფსიქოლოგიური მოწყვლადობა), ინდივიდი ოკა-ის განვითარების დიდი რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს.